თარგმანები

სარჩევი

Briar-ის მომხმარებლის მოკლე გზამკვლევი

რა არის Briar?

Briar მიმოწერის აპია, რომელიც განკუთვნილია აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება უსაფრთხო, მარტივი და მძლავრი კომუნიკაციის საშუალება.

მიმოწერის სხვა გავრცელებული აპებისგან განსხვავებით, Briar არ არის დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე — შეტყობინებების სინქრონიზაცია ხდება პირდაპირ მომხმარებელთა მოწყობილობებს შორის.

თუ ინტერნეტი გათიშულია, Briar-ს შეუძლია სინქრონიზაციისთვის გამოიყენოს Bluetooth ან Wi-Fi ინფორმაციის მიმოცვლის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია, Briar იყენებს Tor-ქსელსაც მომხმარებლებისა და მათი ურთიერთობის დასაცავად მეთვალყურეობისგან.

ანგარიშის შექმნა

Briar აპის პირველი გაშვებისას მოგეთხოვებათ ანგარიშის შექმნა. თქვენი ანგარიში დაცულად შეინახება თქვენსავე მოწყობილობაზე თქვენივე პაროლით დაშიფრული.

მეტსახელი აირჩიეთ ყურადღებით, ვინაიდან მას ვეღარ შეცვლით. შეგიძლიათ აირჩიოთ იგივე სახელი, რომელიც სხვასაც ჰქვია, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

აირჩიეთ ძნელად გამოსაცნობი, მაგრამ ადვილად დასამახსოვრებელი პაროლი. თუ პაროლი დაგავიწყდებათ, ვაღარ შეძლებთ თქვენს ანგარიშზე წვდომის აღდგენას.

თუ ანგარიშის სწრაფად წაშლა დაგჭირდებათ, უბრალოდ განახორციელეთ Briar აპის დეინსტალაცია.

ბატარეის პარამეტრები

მეტსახელისა და პაროლის არჩევის შემდგომ, Briar მოითხოვს ბატარეის ოპტიმიზაციის გამორთვის ნებართვას. ეს აუცილებელია, რადგან სანამ Briar მუშაობს ფონურ რეჟიმში, არ არსებობს სერვერი, რომელიც მიიღებს შეტყობინებებს თქვენი სახელით: Briar-მა თავად უნდა მიიღოს ეს შეტყობინებები.

Huawei და Xiaomi-ის მოწყობილობებზე თქვენ მოგეთხოვებათ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომ Briar-მა შეძლოს ფონურ რეჟიმში მუშაობა. გთხოვთ ყურადღებით მიჰყვეთ მითითებებს.

კონტაქტის დამატება

თქვენი ანგარიშის შექმნის შემდეგ გამოჩნდება კონტაქტების ცარიელი სია. კონტაქტის დასამატებლად დააჭირეთ პლიუსის ღილაკს (+). არსებობს ორი ვარიანტი იმისდა მიხედვით, იმყოფება თუ არა თქვენს სიახლოვეში დასამატებელი პირი.

თუ პიროვნება, რომლის დამატებაც გსურთ, თქვენთან ახლოსაა, აირჩიეთ „ახლომყოფი კონტაქტის დამატება“. თუ პიროვნება, რომლის დამატებაც გსურთ, არ იმყოფება ახლოს და გაქვთ ინტერნეტზე წვდომა, აირჩიეთ „კონტაქტის დისტანციურად დამატება“.

ახლომყოფი კონტაქტის დამატება

როდესაც აირჩევთ „ახლომყოფი კონტაქტის დამატებას“, Briar მოითხოვს თქვენი კამერის გამოყენების ნებართვას, რომ შეძლოს თქვენი კონტაქტის QR კოდის სკანირება. Briar აგრეთვე მოითხოვს თქვენს მდებარეობაზე წვდომის ნებართვას, რომ Bluetooth-ის მეშვეობით დაუკავშირდეს თქვენს კონტაქტს. Briar არ ინახავს, აზიარებს ან ატვირთავს თქვენი მდებარეობის მონაცემებს, მაგრამ ეს ნებართვა საჭიროა ახლომდებარე Bluetooth-მოწყობილობების აღმოსაჩენად. ბოლოს, Briar მოითხოვს Bluetooth-ის ჩართვის ნებართვას, რომ დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში თქვენი მოწყობილობა ხილვადი გახდეს ახლომდებარე სხვა Bluetooth-მოწყობილობებისთვის.

ყველა ნებართვის მინიჭების შემდეგ Briar აჩვენებს QR კოდსა და კამერის ხედვის მაძიებელს. დაასკანირეთ თქვენი კონტაქტის QR კოდი და მიეცით მას საშუალება დაასკანიროს თქვენი. დაახლოებით 30 წამის შემდეგ თქვენი მოწყობილობები დაკავშირდება და თქვენი კონტაქტი დაემატება თქვენი კონტაქტების სიას.

თუ თქვენი მოწყობილობების დაკავშირება ვერ მოხერხდება, ორივე უნდა დაბრუნდეთ კონტაქტების სიაზე და თავიდან დაიწყოთ აღნიშნული პროცესი.

კონტაქტის დისტანციურად დამატება

როდესაც აირჩევთ „კონტაქტის დისტანციურად დამატებას“, Briar გიჩვენებთ ბმულს, რომელიც უნდა გაუგზავნოთ პირს, რომლის დამატებაც გსურთ. ბმულის გასაგზავნად სხვა აპი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად Signal. თქვენმა კონტაქტმაც უნდა გამოგიგზავნოთ საკუთარი ბმული. ჩასვით კონტაქტის ბმული და აირჩიეთ მისთვის მეტსახელი. თუ თქვენ და თქვენი კონტაქტი ორივე შესული ხართ Briar-ში და ორივეს გაქვთ ინტერნეტზე წვდომა, თქვენი კონტაქტი რამდენიმე წუთში უნდა დაემატოს თქვენი კონტაქტების სიას.

შეტყობინების გაგზავნა

თქვენი პირველი კონტაქტის დამატების შემდეგ, შეეხეთ მის სახელს კონტაქტების სიაში და გაუგზავნეთ თქვენი პირველი შეტყობინება. კონტაქტის სახელის გასწვრივ მდებარე წრე გამწვანდება, როდესაც Briar დაუკავშირდება თქვენს კონტაქტს ინტერნეტის, Wi-Fi ან Bluetooth-ის მეშვეობით.

წარადგინეთ თქვენი კონტაქტები

თქვენი კონტაქტების ერთმანეთისთვის წარსადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ წარდგენის ფუნქცია, რომ პირდაპირ დაიმატონ ერთმანეთი პირისპირ შეხვედრის გარეშე.

პოსტის გამოქვეყნება ბლოგზე

ბლოგის ფუნქციის გამოყენებით შეძლებთ დაწეროთ პოსტები, რომლებსაც თქვენი ყველა კონტაქტი იხილავს. აგრეთვე, შეგიძლიათ სხვების პოსტებიც გამოაქვეყნოთ საკუთარ ბლოგზე, რომ თქვენს კონტაქტებს გააცნოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბლოგზე პოსტებს ვეღარ წაშლით მათი გაგზავნის შემდეგ.

ფორუმის შექმნა

ფორუმის ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფური საუბრების შესაქმნელად და თქვენი კონტაქტების გასაწევრიანებლად მოსაწვევად. ფორუმის ნებისმიერ წევრს შეუძლია გასაწევრიანებლად მოიწვიოს საკუთარი კონტაქტები.

კავშირგარეშე კომუნიკაცია

Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მოქმედების დიაპაზონი დაახლოებით 10 მეტრია, გააჩნია დაბრკოლებებს. ცხადია, ეს არ იქნება საკმარისი კომუნიკაციისთვის არათუ ქალაქში, არამედ დიდ შენობებშიც კი. ასე რომ, როდესაც Briar იღებს შეტყობინებას თქვენი ახლომყოფი კონტაქტისგან, ის ინახავს შეტყობინებას და შეუძლია მოგვიანებით გადასცეს სხვა კონტაქტებს, როდესაც ისინი დაფარვის დიაპაზონში მოხვდებიან (მაგალითად, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიხართ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Briar განახორციელებს შეტყობინებების სინქრონიზაციას მხოლოდ თქვენს კონტაქტებთან და არა ახლომყოფ ნებისმიერ უცხო პირებთან, ვისაც Briar უყენია. ამასთანავე, მხოლოდ იმ შეტყობინებების სინქრონიზაცია მოხდება, რომლებსაც თქვენ აირჩევთ გასაზიარებლად თითოეულ კონტაქტთან. მაგალითად, თუ თქვენ მოიწვიეთ ფორუმში თქვენი კონტაქტები X და Y და მათ თანხმობა განაცხადეს, მაშინ ამ ფორუმის შეტყობინებები დასინქრონდება X და Y კონტაქტებთან, როგორც კი ისინი მოხვდებიან დაფარვის დიაპაზონში. ასე რომ, შეგიძლიათ მიიღოთ ფორუმის შეტყობინებები X კონტაქტისგან ერთ ადგილას, შემდეგ გაემგზავროთ სხვაგან და იქ მიაწოდოთ ეს შეტყობინებები Y კონტაქტს.

მაგრამ ეს არ ეხება პირად შეტყობინებებს: მათი სინქრონიზაცია ხდება მხოლოდ პირდაპირ გამგზავნსა და მიმღებს შორის.

თქვენს კონტაქტებთან კავშირგარეშე დაკავშირება

როდესაც უშუალოდ შეხვდებით ერთ-ერთ თქვენს Briar-ის კონტაქტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია „დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით“ საუბრის ეკრანზე, თქვენი მოწყობილობების Bluetooth-ის მეშვეობით დასაკავშირებლად. ერთხელ დაკავშირების შემდეგ თქვენი მოწყობილობები ავტომატურად დაუკავშირდება ერთმანეთს მომავალში, მაგრამ ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი-ორი წუთი დაფარვის დიაპაზონში მოხვედრის შემდეგ. თუ არ გსურთ ლოდინი, დაუყოვნებლივ დაკავშირებისთვის კვლავ შეგიძლიათ გამოიყენეთ ფუნქცია „დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით".

თუ Wi-Fi დიაპაზონში მყოფ ადამიანთა ჯგუფს სურს კომუნიკაცია, მოსახერხებელია, თუ ერთ-ერთი მათგანი თავის ტელეფონზე შექმნის Wi-Fi წვდომის წერტილს. იმ შემთხვევაშიც, თუ წვდომის წერტილს არ ექნება ინტერნეტზე წვდომა, Briar-ს მაინც შეუძლია გამოიყენოს ის კომუნიკაციისთვის კონტაქტებთან, რომლებიც დაკავშირებულები არიან იგივე წვდომის წერტილთან.

თუ მეტად სახიფათოა ტელეფონის ტარება ერთი ადგილიდან მეორეში (მაგ., საკონტროლო-გამშვები პუნქტები), შეგიძლიათ განახორციელოთ დაშიფრული შეტყობინებების სინქრონიზაცია USB-მეხსიერების ან SD-ბარათის გამოყენებით უფრო შეუმჩნევლად გადასატანად.

ფორუმის გამოყენება ხაზგარეშე კომუნიკაციისთვის

ფორუმი კარგი საშუალებაა ადამიანთა ჯგუფისთვის კავშირის შესანარჩუნებლად ინტერნეტზე წვდომის გარეშე. ფორუმის ყველა წევრისთვის ფორუმის ყველა პოსტის სინქრონიზაციის უზრუნველსაყოფად, წარადგინეთ ყველა წევრი, რომ გახდნენ კონტაქტები და უზრუნველყავით, რომ თითოეულმა მოიწვიოს სხვა დანარჩენები ფორუმში და დათანხმდნენ მოწვევებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე არიან ფორუმის წევრები. ეს უზრუნველყოფს, რომ როდესაც ორი წევრი იმყოფება Bluetooth ან Wi-Fi დიაპაზონში, მათ შეეძლებათ განახორციელონ მიღებული ფორუმის შეტყობინებების სინქრონიზაცია.

აპის გაზიარება

თუ ვინმეს თქვენ ჯგუფში ესაჭიროება Briar-ის დაინსტალირება და მას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, შეგიძლიათ გაუზიაროთ მას აპი Briar-ის მთავარ მენიუში „ამ აპის კავშირგარეშე გაზიარების“ არჩევით. ეს შექმნის Wi-Fi-ის წვდომის წერტილს ინტერნეტზე წვდომის გარეშე, საიდანაც ისინი შეძლებენ აპის ჩამოტვირთვას თქვენი მოწყობილობიდან.

ბატარეის და ინტერნეტის დაზოგვა

Briar უხვად მოიხმარს ბატარეას და მონაცემებს თქვენ კონტაქტებთან დასაკავშირებლად ინტერნეტის მეშვეობით. ასე რომ, თუ გზაში ხართ, განსაკუთრებით, თუ გაქვთ შეზღუდული მობილური მონაცემები, უნდა გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა Briar ონლაინ და ოფლაინ კომუნიკაციისთვის, თუ უმჯობესია ონლაინ კომუნიკაციისთვის გამოიყენოთ სხვა პროგრამა Signal-ის მსგავსი, ხოლო Briar გამოიყენოთ ხაზგარეშე კავშირისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ დრო და დღე, როდესაც თქვენ და თქვენი კონტაქტები იქნებით ონლაინ Briar-ში, ხოლო დანარჩენ დროს დატოვოთ ის კავშირგარეშე.

შეგიძლიათ აკონტროლოთ, როდის გამოიყენებს Briar ინტერნეტს „პარამეტრების“ და „კავშირების“ არჩევით Briar-ის მთავარი მენიუდან. ასევე არის ინტერნეტთან დაკავშირების ვარიანტები მხოლოდ დამუხტვისას, ან მხოლოდ Wi-Fi-თან დაკავშირებისას, ბატარეისა და მონაცემების დაზოგვის მიზნით.

გამოხმაურების გაგზავნა

სასარგებლოა ეს გზამკვლევი? არის რამე, რაც უნდა დაემატოს, წაიშალოს ან უფრო გასაგები გახდეს? მუშაობს აპი ისე, როგორც მოელოდით?

გთხოვთ, გამოაგზავნოთ გამოხმაურება ანონიმურად, Briar-ის მთავარ მენიუში „გამოხმაურების გაგზავნის“ არჩევით. თუ არ გაქვთ ინტერნეტზე წვდომა, თქვენი გამოხმაურება შეინახება და გამოიგზავნება შემდეგ ჯერზე, როდესაც ონლაინ იქნებით.

ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ გამოხმაურება ელფოსტის მისამართზე: contact@briarproject.org.