თარგმანები

სარჩევი

Briar მომხმარებლის სახელმძღვანელო

რა არის Briar?

Briar არის მიმოწერის აპი, რომელიც განკუთვნილია აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება უსაფრთხო, მარტივი და მძლავრი პროგრამა კომუნიკაციისთვის. მიმოწერის სხვა გავრცელებული აპებისგან განსხვავებით, Briar არაა დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე – შეტყობინებების სინქრონიზაცია ხდება პირდაპირ მომხმარებლების მოწყობილობებს შორის. ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Bluetooth ან Wi-Fi-ის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შესანარჩუნებლად საგანგებო სიტუაციებში. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მომხმარებლების და მათი ურთიერთობის თვალთვალისგან დასაცავად, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Tor-ის ქსელის მეშვეობით.

ინსტალაცია

Briar ხელმისაწვდომია Google Play-ში Android-მოწყობილობებისთვის.

რჩევა: თუ ზუსტად არ იცით, გაქვთ თუ არა Android-მოწყობილობა, შეამოწმეთ, თუ აქვს Play Store აპი. თუ ის დაყენებულია, მაშინ Android-სისტემას იყენებს.

თუ გაქვთ Android-მოწყობილობა, მაგრამ ამჯობინებთ, არ გამოიყენოთ Google Play, Briar-ის ვებსაიტზე იპოვით აპის დაინსტალირების ინსტრუქციებს F-Droid-ის მეშვეობით ან ჩამოტვირთოთ პირდაპირ.

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნა

Briar პირველი გაშვებისას მოგთხოვთ ანგარიშის შექმნას. შეგიძლიათ აირჩიოთ მეტსახელი და პაროლი. პაროლი უნდა იყოს არანაკლებ 8 სიმბოლო და ძნელად გამოსაცნობი.

გაფრთხილება: თქვენი Briar-ანგარიში დაცულად ინახება თქვენს მოწყობილობაზე და არა ონლაინ-საცავში. თუ წაშალეთ Briar ან დაგავიწყდებათ პაროლი, ანგარიშს ვეღარ აღადგენთ.

შეეხეთ „ანგარიშის შექმნას“. როდესაც თქვენი ანგარიში შეიქმნება, გადახვალთ კონტაქტების სიაზე.

კონტაქტების დამატება

კონტაქტის დამატების ვარიანტები

კონტაქტის დასამატებლად, შეეხეთ პლიუსის ხატულას კონტაქტების სიის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

ორი შეთავაზებული ვარიანტიდან აირჩიეთ ერთი

კონტაქტის დისტანციურად დამატება

კონტაქტის დამატება დისტანციურად

დააკოპირეთ briar:// ბმული და გაუგზავნეთ პიროვნებას, რომლის დამატებაც გსურთ. ბმულის გასაგზავნად აპის ასარჩევად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „გაზიარების“ ღილაკი.

ჩასვით ბმული, რომელიც მიიღეთ პირისგან, რომლის დამატება გსურთ, ტექსტურ ველში ქვემოთ. დააწკაპუნეთ „გაგრძელებას“ და აირჩიეთ მეტსახელი ახალი კონტაქტისთვის.

შემდეგ იხილავთ „კონტაქტის მომლოდინე მოთხოვნების“ ეკრანს, ინფორმაციით თითოეული მომლოდინე კონტაქტის მდგომარეობის შესახებ. Briar შეეცდება, დროდადრო დაუკავშირდეს თქვენს კონტაქტს დასამატებლად.

კავშირის წარმატებით დამყარებისთანავე, დაემატებით ერთმანეთის კონტაქტების სიებში. გილოცავთ! უკვე შეგიძლიათ უსაფრთხოდ კომუნიკაცია.

თუ Briar ვერ დაუკავშირდა თქვენს კონტაქტს 48 საათში, მომლოდინე კონტაქტების სია გამცნობთ, რომ „კონტაქტის დამატება ვერ მოხერხდა“. ორივემ უნდა ამოშალოთ მომლოდინე კონტაქტი სიიდან და ხელახლა დაამატოთ ერთმანეთის ბმულები.

მომლოდინე კონტაქტები

ახლომყოფი კონტაქტის დამატება

კონტაქტის დამატება, ნაბიჯი 1

კონტაქტის დამატების კიდევ ერთი გზაა — უშუალო შეხვედრა პირთან, რომლის დამატებაც გსურთ. თითოეული თქვენგანი დაასკანირებს QR კოდს სხვა პირის ეკრანიდან. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენ დაუკავშირდებით სწორ პიროვნებას, ასე რომ ვერავინ შეძლებს ისარგებლოს თქვენი პირადობით ან წაიკითხოს თქვენი შეტყობინებები.

როდესაც მზად იქნებით დასაწყებად, შეეხეთ „გაგრძელებას“.

კონტაქტის დამატება, ნაბიჯი 2

მოაქციეთ კონტაქტის QR-კოდი ხედის მაძიებელში. კამერის ფოკუსირებისთვის შეიძლება რამდენიმე წამის ლოდინი დაგჭირდეთ.

როდესაც კამერა დაასკანირებს QR-კოდს, იხილავთ შეტყობინებას „კონტაქტის ლოდინი სკანირებისა და დაკავშირებისთვის“. ახლა თქვენმა კონტაქტმა უნდა დაასკანიროს თქვენი QR-კოდი.

კონტაქტების სიაში ჩანს ახლად დამატებული კონტაქტი

თქვენს მოწყობილობებს შორის გაიცვლება ინფორმაცია და რამდენიმე წამის შემდეგ დაემატებით ერთმანეთის კონტაქტების სიებში. გილოცავთ! უკვე შეგიძლიათ უსაფრთხოდ კომუნიკაცია.

მიმოწერა

საუბარი პირადი მიმოწერით

პირადი შეტყობინების გასაგზავნად, შეეხეთ კონტაქტის სახელს კონტაქტების სიაში.

რჩევა: ყველა შეტყობინება Briar-ში თავიდან ბოლომდე დაშიფრულია, ასე რომ, სხვა ვერავინ შეძლებს მათ წაკითხვას.

თუ თქვენი კონტაქტი კავშირგარეშეა, თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ჯერზე, როდესაც ორივე ონლაინ იქნებით.

კონტაქტების წარდგენა

წარდგენის დაწყება

შეგიძლიათ, თქვენი კონტაქტები ერთიმეორეს წარუდგინოთ Briar-ის მეშვეობით. ეს საშუალებას აძლევს მათ გახდნენ კონტაქტები შეხვედრის გარეშე. წარდგენის დასაწყებად, შეეხეთ კონტაქტის სახელს სიიდან და აირჩიეთ „წარდგენის დაწყება“ მენიუდან.

მეორე კონტაქტის არჩევა

შემდეგ აირჩიეთ სხვა კონტაქტი, რომლის წარდგენაც გსურთ.

შეტყობინების დამატება ორივე კონტაქტისთვის

დაამატეთ არასავალდებულო შეტყობინება კონტაქტებისთვის და შეეხეთ „წარდგენის დაწყებას“.

წარდგენის მოთხოვნა

თქვენი კონტაქტები იხილავენ შეტყობინებას კითხვით, თანახმა არიან თუ არა წარდგენაზე. თუ ორივე დათანხმდება, დაემატებიან ერთმანეთის კონტაქტების სიაში და შეძლებენ უსაფრთხოდ კომუნიკაციას.

დახურული ჯგუფები

მთავარ მენიუში ნაჩვენებია არჩეულია დახურული ჯგუფების ფუნქცია

Briar შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფური ჩატისთვის თქვენს კონტაქტებთან. ჯგუფის შესაქმნელად გახსენით მთავარი მენიუ და აირჩიეთ „დახურული ჯგუფები“. გაიხსნება დახურული ჯგუფის სია. ახალი ჯგუფის შესაქმნელად, შეეხეთ პლიუსის ხატულას.

დახურული ჯგუფის შექმნა, ნაბიჯი 1

აირჩიეთ სახელი თქვენი ჯგუფისთვის, შემდეგ შეეხეთ „ჯგუფის შექმნას“.

დახურული ჯგუფის შექმნა, ნაბიჯი 2

შემდეგ აირჩიეთ კონტაქტები, რომლებიც გსურთ მოიწვიოთ ჯგუფში. დასრულების შემდეგ, დააჭირეთ მონიშვნის ხატულას.

დახურული ჯგუფის შექმნა, ნაბიჯი 3

დაამატეთ არასავალდებულო შეტყობინება არჩეული კონტაქტებისთვის და შემდეგ შეეხეთ „მოწვევის გაგზავნას“. კონტაქტები იხილავენ ჯგუფში მოწვევის შეტყობინებას.

დახურული ჯგუფების სიაში ჩანს ახლად შექმნილი ჯგუფი

ახალი ჯგუფი დაემატება თქვენს დახურული ჯგუფების სიას. ამ სიაში მოცემულია ყველა ჯგუფი, რომლებშიც გაწევრიანებული ხართ.

საუბარი დახურულ ჯგუფში

შეტყობინებები დახურულ ჯგუფებში ორგანიზებულია თემებად. ნებისმიერ წევრს შეუძლია უპასუხოს შეტყობინებას ან ახალი თემა წამოიწყოს.

მხოლოდ ჯგუფის შემქმნელს შეუძლია ახალი წევრების მოწვევა. ნებისმიერ წევრს შეუძლია დატოვოს ჯგუფი. თუ შემქმნელი დატოვებს ჯგუფს, ის დაიშლება.

ფორუმები

მთავარ მენიუში ნაჩვენებია არჩეული ფორუმების ფუნქცია

ფორუმი საჯარო საუბრებისთვისაა. დახურული ჯგუფისგან განსხვავებით, ნებისმიერს შეუძლია შემოუერთდეს ფორუმს და მოიწვიოს საკუთარი კონტაქტები.

ფორუმის შესაქმნელად, გახსენით მთავარი მენიუ და აირჩიეთ „ფორუმები“. გაიხსნება ფორუმების სია. ახალი ფორუმის შესაქმნელად, შეეხეთ პლიუსის ხატულას.

ფორუმის შექმნა

აირჩიეთ სახელი თქვენი ფორუმისთვის, შემდეგ შეეხეთ „ფორუმის შექმნას“.

ფორუმის სიაში ჩანს ახლად შექმნილი ფორუმი

ახალი ფორუმი დაემატება თქვენს ფორუმების სიას. ეს სია აჩვენებს ყველა ფორუმს, რომლებშიც გაწევრიანებული ხართ.

ფორუმის გაზიარება, ნაბიჯი 1

ფორუმის თქვენს კონტაქტებთან გასაზიარებლად, შეეხეთ სასურველ ფორუმს, რომ ჯერ გაიხსნას და შემდეგ შეეხეთ გაზიარების ხატულას.

ფორუმის გაზიარება, ნაბიჯი 2

შემდეგ აირჩიეთ კონტაქტები, რომლებსაც გსურთ გაუზიაროთ ფორუმი. დასრულების შემდეგ დააჭირეთ თოლიას ხატულას.

ფორუმის გაზიარება, ნაბიჯი 3

დაამატეთ არასავალდებულო შეტყობინება არჩეული კონტაქტებისთვის და შემდეგ შეეხეთ „ფორუმის გაზიარებას“. კონტაქტები იხილავენ გაწევრიანების მოწვევის შეტყობინებას.

საუბარი ფორუმში

შეტყობინებები ფორუმებში ორგანიზებულია თემებად. ნებისმიერ წევრს შეეძლება უპასუხოს შეტყობინებას ან ახალი თემა წამოიწყოს.

ფორუმის ნებისმიერ წევრს შეუძლია ახალი წევრების მოწვევა და ნებისმიერს, მათ შორის შემქმნელსაც შეუძლია ფორუმის დატოვება. ფორუმი იარსებებს, სანამ უკანასკნელი წევრი არ დატოვებს მას.

ბლოგები

მთავარ მენიუში ნაჩვენებია არჩეული ბლოგების ფუნქცია

თქვენს Briar-ანგარიშს აქვს ჩაშენებული ბლოგი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ახალი ამბების და თქვენი პირადი სიახლეების გამოსაქვეყნებლად. თქვენი ბლოგი ავტომატურად გაუზიარდება თქვენს კონტაქტებს და მათი ბლოგები გაგიზირდებათ თქვენ.

თქვენი კონტაქტების ბლოგების წასაკითხად ან პოსტის გამოსაქვეყნებლად, გახსენით მთავარი მენიუ და აირჩიეთ „ბლოგები“.

ბლოგში პოსტის დაწერა, ნაბიჯი 1

პოსტის დასაწერად, შეეხეთ კალმის ხატულას ბლოგის არხის ზედა ნაწილში.

ბლოგში პოსტის დაწერა, ნაბიჯი 2

დაწერეთ თქვენი პოსტი და შეეხეთ „გამოქვეყნებას“.

ბლოგის არხზე ჩანს ახლად შექმნილი პოსტი

თქვენი ახალი პოსტი გამოჩნდება ბლოგის არხში.

პოსტის ხელახლა გამოქვეყნება, ნაბიჯი 1

პოსტის ხელახლა გამოსაქვეყნებლად, შეეხეთ ხელახლა გამოქვეყნების ხატულას პოსტის კუთხეში.

პოსტის ხელახლა გამოქვეყნება, ნაბიჯი 2

დაამატეთ არასავალდებულო კომენტარი და შეეხეთ „ხელახლა გამოქვეყნებს“.

პოსტის ხელახლა გამოქვეყნება, ნაბიჯი 3

ხელახლა გამოქვეყნებული პოსტი გამოჩნდება ბლოგის არხში თქვენს კომენტართან ერთად.

RSS არხები

Briar შეგიძლიათ გამოიყენოთ RSS არხზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ბლოგისა თუ ახალი ამბების წასაკითხად. თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, სტატიების ჩამოტვირთვა ხდება Tor-ის მეშვეობით. შეგიძლიათ ხელახლა გამოაქვეყნოთ სტატიები RSS არხიდან და დაურთოთ კომენტარები ბლოგის პოსტების მსგავსად.

რჩევა: RSS-ის მეშვეობით ვებსაიტებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ სტატიები მარტივად ხელახლა გამოსაქვეყნებელი ფორმით.

RSS არხის იმპორტი, ნაბიჯი 1

RSS არხის იმპორტისთვის გახსენით ბლოგის არხი და აირჩიეთ მენიუდან „RSS არხის იმპორტი“.

RSS არხის იმპორტი, ნაბიჯი 2

შეიყვანეთ RSS არხის URL და შეეხეთ „იმპორტს“. სტატიები ჩამოიტვირთება და დაემატება ბლოგის არხს. ამას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს.

ბლოგის არხზე ჩანს ახლად იმპორტირებული RSS სტატია

ახალი სტატიები გამოქვეყნებისას, Briar ავტომატურად ჩამოტვირთავს მათ. იმპორტირებული სტატიები არ გაუზიარდება თქვენს კონტაქტებს, თუ არ აირჩევთ მათ ხელახლა გამოქვეყნებას.

RSS არხების მართვა, ნაბიჯი 1

თქვენი RSS არხების სამართავად, გახსენით ბლოგის არხი და აირჩიეთ მენიუდან „RSS არხების მართვა“.

RSS არხების მართვა, ნაბიჯი 2

არხის ამოსაშლელად შეეხეთ სანაგვის ხატულას. იმპორტირებული სტატიები ამოიშლება ბლოგის არხიდან, გარდა თქვენ მიერ ბლოგზე ხელახლა გამოქვეყნებულ სტატიებისა.

კონტაქტების წაშლა

კონტაქტის წაშლა

კონტაქტის წასაშლელად შეეხეთ მის სახელს კონტაქტების სიაში და მენიუდან აირჩიეთ „კონტაქტის წაშლა“.

რჩევა: თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კონტაქტი ვერ შეიტყობს, რომ თქვენ ის ამოშალეთ. ამიერიდან ის უბრალოდ დაინახავს, რომ კავშირგარეშე ხართ.

პარამეტრები

პარამეტრების ჩამონათვალი

სხვადასხვა პარამეტრების სანახავად გახსენით მთავარი მენიუ და აირჩიეთ „პარამეტრები“. აქედან შეგიძლიათ მოირგოთ Briar მოხერხებულად გამოყენებისთვის.

თემა

მთავარი მენიუ მუქ თემაში

შეგიძლიათ შეცვალოთ ფერთა სქემა, რომელსაც Briar იყენებს:

  • ნათელი: Briar გამოიყენებს ღია ფერებს.
  • მუქი: Briar გამოიყენებს მუქ ფერებს.
  • ავტომატური: Briar შეცვლის თავის ფერთა სქემას დღის მონაკვეთის მიხედვით.
  • სისტემური ნაგულისხმევი მნიშვნელობა: Briar გამოიყენებს სისტემურ ფერთა სქემას.

დაკავშირება ინტერნეტის (Tor) მეშვეობით

„ქსელების“ განყოფილება პარამეტრების ეკრანზე

რჩევა: Briar ინტერნეტთან დასაკავშირებლად იყენებს Tor-ს. Tor წარმოადგენს კომპიუტერების ქსელს, რომელიც მხარდაჭერილია მთელი მსოფლიოს მოხალისეთა მიერ და საშუალებას აძლევს ადამიანებს, განახორციელონ ინტერნეტთან წვდომა კონფიდენციალურად და ცენზურის გარეშე. „ხიდებს“ უწოდებენ კომპიუტერებს, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ დაუკავშირდებით Tor-ს, თუ მთავრობა ან ინტერნეტ-პროვაიდერი ზღუდავს მას.

შეგიძლიათ გააკონტროლოთ, როგორ უკავშირდება Briar ინტერნეტს:

  • ავტომატურად მდებარეობის მიხედვით: Briar თავად აირჩევს კავშირის საშუალებას თქვენი მიმდინარე ადგილმდებარეობის შესაბამისად.
  • Tor-ის გამოყენება ხიდების გარეშე: Briar დაუკავშირდება Tor-ს ხიდების გამოყენების გარეშე.
  • Tor-ის გამოყენება ხიდებით: Briar დაუკავშირდება Tor-ს ხიდების გამოყენებით.
  • არ დაუკავშირდეთ: Briar საერთოდ არ უკავშირდება ინტერნეტს.

მობილური მონაცემების გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, იყენებს თუ არა Briar მობილურ მონაცემებს. თუ გამორთავთ მობილურ მონაცემებს, მაშინ Briar გამოიყენებს მხოლოდ ინტერნეტს, როდესაც დაუკავშირდებით Wi-Fi-ის მეშვეობით.

ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირება (Tor) მხოლოდ დამუხტვისას

თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ, იყენებს თუ არა Briar ინტერნეტს, როდესაც თქვენი მოწყობილობა ბატარეაზე მუშაობს. თუ ჩართავთ ამ პარამეტრს, Briar მხოლოდ ელკვებაზე შეერთებისას გამოიყენებს ინტერნეტს.

ეკრანის დაბლოკვა

პარამეტრების ეკრანის „უსაფრთხოების“ განყოფილება

რჩევა: ეს ფუნქცია მიუწვდომელია Android-ის მე-4 ვერსიაზე.

თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, როდესაც სხვა ადამიანები იყენებენ თქვენს მოწყობილობას, შეგიძლიათ დაბლოკოთ Briar ანგარიშიდან გამოუსვლელად. ეს აღკვეთს Briar-ის გამოყენებას PIN-კოდის, ნიმუშის ან პაროლის შეყვანის გარეშე.

Briar იყენებს იმავე PIN-ს, შაბლონს ან პაროლს, რომლებსაც თქვენ ჩვეულებრივად იყენებთ მოწყობილობის განსაბლოკად, ასე რომ, ეს პარამეტრი გამოირთვება (გახდება ნაცრისფერი), თუ ჯერ არ გაქვთ მითითებული PIN, შაბლონი ან პაროლი. ერთერთის ასარჩევად უნდა გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობის პარამეტრების აპი.

მთავარ მენიუში ნაჩვენებია „აპის დაბლოკვის“ ოფცია

როდესაც გააქტიურებულია ეკრანის დაბლოკვის პარამეტრი, „აპის დაბლოკვის“ ოფცია დაემატება Briar-ის მთავარ მენიუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ოფცია Briar-ის დასაბლოკად ანგარიშიდან გამოუსვლელად.

Briar-ის განბლოკვა

როდესაც Briar დაბლოკილია, განბლოკვისთვის მოგთხოვენ PIN-კოდს, შაბლონს ან პაროლს.

ეკრანის დაბლოკვის უმოქმედობის დროის ამოწურვა

რჩევა: ეს ფუნქცია მიუწვდომელია Android-ის მე-4 ვერსიაზე.

შეგიძლიათ აირჩიოთ Briar-ის ავტომატური დაბლოკვა, როდესაც ის არ გამოიყენება გარკვეული დროის განმავლობაში.